top of page

როგორ მოვემზადოთ სწავლის საერთაშორისო უნივერსიტეტში გასაგრძელებლად? 5 საკვანძო ფაქტორი

  • Writer: შოთა ქათამაძე
    შოთა ქათამაძე
  • Jan 26
  • 2 min read

Updated: Jan 30

ერთ-ერთ კონსულტაციაზე მოსულმა მშობელმა მკითხა - რა საჭიროა ისტორიაში მაღალი ნიშანი, თუ ჩემს შვილს ბიზნესის ფაკულტეტზე უნდა ჩაბარებაო? მსგავსი შეკითხვები ხშირია, ამიტომ გაგაცნობთ, რომელ ფაქტორებს აქცევენ ყურადღებას საერთაშორისო უნივერსიტეტები მოსწავლეების მიღებისას.


GPA - ანუ მოსწავლის საშუალო ნიშანი

რატომაა მნიშვნელოვანი ისტორიის სწავლა? ისტორიის თუ სხვა საგნის მაღალი ნიშანი არამხოლოდ მოსწავლის აკადემიური წარმატების ნაწილია, არამედ მისი უნარების მრავალფეროვნებასა და ჰოლისტიკური განათლების ფუნდამენტზე მეტყველებს. ბიზნესში წარმატებასაც სჭირდება ანალიტიკური და კულტურული პერსპექტივის გაგება, რაც ისტორიის თუ სხვა სასკოლო დისციპლინების სწავლით ვითარდება. შესაბამისად, უნივერსიტეტების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ სწავლობდა მოსწავლე სკოლაში. როგორც წესი, ინტერესის საგანს 9-12 კლასები (high school) წარმოადგენს. ყურადღება ექცევა ზოგად დინამიკასაც. მაგალითად, თუ მე-9 კლასში ნიშნები დაბალი გქონდათ, მაგრამ მე-12-ში უკვე გააუმჯობესეთ, ეს თქვენს პიროვნულ და აკადემიურ ზრდაზე მეტყველებს; ამის გამოყენება კი მომგებიანად შეიძლება სააპლიკაციო პროცესში. სხვადასხვა სცენარისას, სამოქმედო ტაქტიკა განსხვავებულია. საკუთარი აკადემიური მხარის უკეთესი წარმოჩენისთვის კი მნიშვნელოვანია გამოცდილ ქაუნსელორთან მუშაობა.


აქტივობები

საერთაშორისო უნივერსიტეტების უმეტესობა მოსწავლეთა შერჩევისას იყენებს ჰოლისტიკურ მიდგომას. ამ ტექნიკის არსი მოსწავლის მრავალწახნაგოვან ინდივიდად წარმოდგენაა. მიუხედავად მისი აკადემიური მოსწრებისა, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე ზრუნავდეს საკუთარი ემოციური ინტელექტისა და „სოფთ სქილების“ განვითარებაზე. ეს ყველაფერი შესაძლებელია სასკოლო კლუბებში მონაწილეობით, მოხალისეობრივი აქტივობების განხორციელებით ან სხვა კლასგარეშე აქტივობებით.


საერთაშორისო გამოცდები

ხშირია შეკითხვები, რომელი გამოცდები უნდა ჩავაბაროთ - SAT, ACT, TOEFL, IELTS, Duolingo თუ სხვა? საუკეთესო პრაქტიკაა ამ საკითხის უშუალოდ უნივერსიტეტების მოთხოვნების კრიტერიუმებში გადამოწმება, თუმცა, არსებობს ზოგადი წესი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მუშაობს. TOEFL უმეტესად აღიარებულია აშშ-ის უნივერსიტეტებში, ხოლო IELTS-ს უპირატესობას ანიჭებენ დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის უნივერსიტეტები. რაც შეეხება SAT-სა და ACT-ს შორის მიმართებას, განსხვავება ფორმატშია და უნივერსიტეტების უმრავლესობა ორივე გამოცდის ქულას აღიარებს.

რას ამოწმებენ უნივერსიტეტები ამ გამოცდებით? მოსწავლის მათემატიკური აზროვნებისა და ინგლისური ენის ფლობის დონეს. ზოგი უნივერსიტეტი არ მოითხოვს SAT-სა და ACT-ს ტესტის ქულების გაგზავნას, თუმცა აღნიშნულ გამოცდებში მაღალი ქულები მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება თქვენი სააპლიკაციო პროცესისთვის.


ესეები

უნივერსიტეტებისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეების ახლოდან გაცნობა. ამიტომ საჭიროა ისეთი სააპლიკაციო ესეების დაწერა, რომლებიც მაქსიმალურად მომგებიანად წარმოაჩენენ თქვენს პიროვნებას. აღსანიშნავია, რომ ზოგი უნივერსიტეტი თვითონ სვამს შეკითხვებს, რომლებზეც მოსწავლემ ესეს ფორმატში უნდა უპასუხოს.


სარეკომენდაციო წერილები

გარდა თვითშეფასებისა, მნიშვნელოვანია, თუ როგორ გაფასებენ სკოლის წარმომადგენლები. სააპლიკაციო პერიოდში ,შესაძლოა, დაგჭირდეთ 2 მასწავლებლისა და 1 ქაუნსელორის (ან თქვენს სკოლაში ქაუნსელორის მოვალეობის შემსრულებლის) სარეკომენდაციო წერილი. საუკეთესო შემთხვევაში, მასწავლებელი სულ მცირე 2 წელი უნდა გასწავლიდეთ და შეეძლოს თქვენზე რეალური ისტორიები დაწეროს. არსებობს გამოთქმა - „ნუ მეტყვი, მაჩვენე“. იმის ნაცვლად, რომ რეკომენდატორმა თქვას, რომ თქვენ „ჭკვიანი მოსწავლე ხართ,“ აჯობებს მოიყვანოს მაგალითი, სადაც ჩანს, რომ ნამდვილად ჭკვიანი მოსწავლე ხართ.


შეჯამება

საერთაშორისო საუნივერსიტეტო პრაქტიკაში არ არსებობს ერთი რომელიმე გადამწყვეტი ფაქტორი; არსებობს ფაქტორთა ერთობლიობა, რომელიც ჰოლისტიკურად ქმნის მოსწავლის პროფილს. სწორედ ამ პროფილზე დაყრდნობით იღებენ უნივერსიტეტები მოსწავლის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. ზემოხსენებული ფაქტორების ოპტიმიზაციას დაგეგმვა სჭირდება, რაშიც "შოთას აკადემიის" გამოცდილი საუნივერსიტეტო მრჩეველი დაგეხმარებათ.


გაგვიზიარეთ თქვენი მიზნები და ერთად ვიპოვით გზას თქვენი საერთაშორისო წარმატებისკენ! კონსულტაციაზე ჩასაწერად იხილეთ University Counseling

Comments


bottom of page